მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პანკისში

2018 წლის 22 მაისს, პროექტის „მრავალპარტიული დიალოგი ეროვნული უმცირესობების საკითხებზე“ ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით, დუისში, პანკისის ხეობაში თემატური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ  ოთხი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ -სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში, ასევე მონაწილეობას იღებდა პანკისის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა, უხუცესთა საბჭოს, უხუცეს ქალთა საბჭოსა და სალაფიტური თემის წარმომადგენლები.

EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ცუცქირიძისა და საქართველოში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლის, ნინო გოგოლაძის მიმართვის შემდეგ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადად ქვეყნისა და პანკისის ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, როგორც პანკისის ხეობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, ისე ზოგადად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მათ ხაზი გაუსვეს პოლიტიკაში პანკისელი ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ პანკისის მოსახლეობის მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის საარჩევნო სიებში მათი ჩართვის გზით.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც აღნიშნე, რომ აუცილებელია პანკისელი მოსახლეობის მეტად ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა იმედი გამოთქვას, რომ კვლავ გაგრძელდება პოლიტიკურ პარტიებსა და პანკისის მოსახლეობას შორის დიალოგი და მომავალში ისევ დაიგეგმება მრავალპარტიული შეხვედრები.